პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილი, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 31 წლის ინდიკო ბჟალავას დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომჩივანი 11 ივნისს მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმისთვის დაკავებული ერთ-ერთი მამაკაცის ცოლია. როგორც რადიო თავისუფლებას ბალდის კანიონთან საპროტესტო აქციების ერთერთმა ორგანიზატორმა ბაჩო თვარაძემ უთხრა, ინდიკო ბჟალავას 11 ივნისს დილის საათებში თავად გამოელაპარაკა ქალი და პროვოკაციის მოწყობა სცადა. მიუხედავად ამისა, როგორც ცოტნე თვარაძე ირწმუნება ინდიკო ბჟალავას მხრიდან მეზობლის მიმართ შეურაცხყოფას და მით უფრო მუქარას ადგილი არ ჰქონია. როგორც თვარაძე განმარტავს, ინდიკო ბჟალავა სახლიდან წაიყვანა პოლიციამ გამოკითხვის მიზნით და მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს რომ ის დაკავებულია. “2 საათის განმავლობაში არ ვიცოდით მისი ადგილსამყოფელი. არაფერს გვეუბნებოდნენ. ახლა გავარკვიეთ რომ ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს”, - თქვა ცოტნე თვარაძემ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაჭრილი არიან ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, ისინი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან. ასევე ნახეთ ორი დაჭრილი, ორი დაკავებული - დაპირისპირება ბალდის კანიონის გამო მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები, გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წელია მოითხოვენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას. ინციდენტის თვითმხილველმა, ცოტნე თვარაძემ, რომელიც ძმასთან, ბაჩოსთან ერთად საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს შორისაა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინდია ბჟალა...