ერევანში პოლიციასთან შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ კვლავ მოიყარეს თავი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. სომხეთის პარლამენტის შენობას პოლიციის კორდონი იცავს. დემონსტრანტებს სათავეში უდგას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელმაც კვლავ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი და დეპუტატები. მან თქვა, რომ "მათ არ აქვთ იდენტობა და პოლიციის უკან იმალებიან". ასევე ნახეთ 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ერევანში, პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირებისას სომხეთში მაისის დასაწყისიდან გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი. მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი. 24 მაისს აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი აღადგინა ოთხ სოფელზე, რომლებსაც 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა. თავის მხრივ, სომხეთის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო აზერბაიჯანთან მოსაზღვრე ტავუშის ოლქის სამი სოფლის დაცვა დაახლოებით 7-კილომეტრიან მონაკვეთზე. შესაბამისად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის ამ რაიონიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალების სამხედროები და კონტროლი მესაზღვრეებს გადასცეს. ასევე ნახეთ ფაშინიანმა მიანიშნა სომხეთის CSTO-დან გასვლის შესახებ, ორგანიზაციას უწოდა "ბუშტი" ...