კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც სოჭის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში თავშესაფრის პროექტს შექმნის. სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტის თანახმად, ამ მიზნებისათვის გამოყოფილია თითქმის 40 მილიონი რუბლი. სატენდერო დოკუმენტაციით, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ გაეცნო, პროექტირებით გათვალისწინებულმა ნაგებობამ უნდა უზრუნველყოს დარტყმის ტალღის, მომწამვლელი ნივთიერებების, რადიაციისა და ბაქტერიოლოგიური საშუალებების ზემოქმედებისგან დაცვა. საავიაციო თავშესაფრის პროექტის შესაქმნელად კონტრაქტორს მიეცემა არაუმეტეს 300 დღე. ძირითადი პროექტის გარდა, მას მოუწევს წარადგინოს უკვე არსებული დამცავი სტრუქტურების დემონტაჟის გეგმაც. მაგრამ უცნობია, თუ რა არის მათი შეცვლის მიზეზი. გასული წლის აგვისტოს ბოლოს სოჭის აეროპორტისათვის შეძენილი იქნა დრონსაწინააღმდეგო შეიარაღება. ობიექტზე მანამდე დრონებით პირდაპირი შეტევა არ განხორციელებულა, მაგრამ გასული წლის სექტემბერში იყო შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი ადლერში მდებარე სტრატეგიული ობიექტიდან მდებარე დიზელის საწვავის რეზერვუარს მოხვდა. 2022 წლის დასაწყისიდან სამხრეთ რუსეთის რეგიონებში აქტიურად დაიწყეს საბჭოთა დროიდან მიტოვებული ბომბსაფრების აღდგენა-განახლება. ეს გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომით, რომლის დროსაც უპილოტო ავიაცია სულ უფრო და უფრო ხშირად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე. მიმდინარე წლის 8 ივნისს მათ შორის პირველად აღმოჩნდა ჩრდილოეთი ოსეთი. ასევე ნახეთ ჩრდილოეთ ოსეთს პირველად დაესხნენ თავს დრონები ...