პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორი თვეა, "წელათრევით" აწარმოებს გამოძიებას მისი ცემის ფაქტზე. უწყებასთან გამართულ ბრიფინგზე ელისაშვილმა თქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთი პოლიციელი არ გამოკითხულა, არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თავად კი დაზარალებულადაც არაა ცნობილი. "მოქალაქეების" ლიდერის განცხადებით, “ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა მოძალადე პოლიციელი კანონის ფარგლებში დაისჯება”. "ჩემზე, პარლამენტის დეპუტატზე, რომელსაც წესით იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით განახორციელეს ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობა პოლიციელებმა. კადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს წაქცეულს როგორ მირტყამდნენ. ორი თვის წინ მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახელი კი აქვთ რიხიანი, სინამდვილეში კი ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია - ორი თვეა, წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას და შედეგი ნული. ამ ორი თვის განმავლობაში არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არადა სახეზე ჩანს ყველა. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებაზე საუბარიც ზედმეტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულადაც კი არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არადა ნეკნი მომტეხეს, სახეზე მეტყობოდა, რომ ნაცემი ვიყავი, კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ მონდომებით მირტყამდნენ, მეტი როგორღა უნდა დავზარალებულიყავი? აი, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები გვყავს", - ამბობს ელისაშვილი. მისი სიტყვებით, დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში, ყველა მასალაზე წვდომა ექნება მასაც და ადვოკატსაც, ამიტომ არ ატარებენ გამოძიებას და არ ცნობენ დაზარალებულად. რადიო თავისუფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. პარტია „მოქალაქეების" ლიდერს, პარლამენტარ ალეკო ელისაშვილს 1 მაისს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა ალეკო ელისაშვილს პოლიციამ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზეც სცემა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახესა და სხეულზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო. ...