რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა. დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში შესაბამის ინფორმაციაზე ყურადღება გაამახვილა გამოცემა “მედიაზონამ”. ძებნილთა სიის მიხედვით, ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული, თუმცა დაზუსტებული არ არის, რომელი მუხლით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ლაზარევას წინააღმდეგ არც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. 2022 წლის ივლისში ლაზარევა რუსეთის ხელისუფლებამ "უცხოელი აგენტების" რეესტრში შეიყვანა. ამავე სიაში ასევე არის მისი ყოფილი ქმარი, ტელეწამყვანი მიხაილ შაცი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ორივემ დატოვა რუსეთი. 2023 წლის ივნისში, მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ ლაზარევა 30 000 რუბლით დააჯარიმა "უცხოელი აგენტის" სავალდებულო მარკირების წესის დაუცველობისთვის. ლაზარევა მრავალი წელია, ღიად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმს. 2011 წლის დეკემბერში იგი მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2013 წელს მან ჩაწერა ვიდეოშეტყობინება ქვიარ-საზოგადოების მხარდასაჭერად და გააკრიტიკა კანონი, რომელიც რუსეთში "ლგბტ პროპაგანდას კრძალავს." 2014 წელს ის ღიად შეეწინააღმდეგა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებსა და უკრაინაში ინტერვენციას. ტატიანა ლაზარევა მხარს აქტიურად უჭერს რეჟიმის მიერ დევნილ პოლიტპატიმრებს და ჟურნალისტებს, რომლებსაც კრემლი დაუსწრებლად ასამართლებს არმიის შესახებ ე.ე. ფეიკების მუხლით. ასევე ნახეთ Pussy Riot-ის მონაწილესა და „მედიაზონის“ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს დაუსწრებლად მიუსაჯეს კოლონიაში პატიმრობა ...