ადმინისტრაციის ცნობითვე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში" ცვლილებების პაკეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები "ფასადური და ფრაგმენტულია", ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის საჭირო ცხრა პირობიდან ერთ-ერთს - ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას. პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისივე ინიციატივაში, „ქართულ ქარტიაში“, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია უწყების სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება. დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. "პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში", - წერია განცხადებაში. 30 მაისს 80 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები. შესწორების თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. როდესაც ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებდა. ასევე ნახეთ არჩევნები მოდის, ვის ხელშია ცესკო? ...