კუბის დედაქალაქ ჰავანის პორტში რუსული სამხედრო გემების შესვლიდან 24 საათში, კარიბის ზღვაში, გუანტანამოს ყურეში შევიდა ამერიკული წყალქვეშა ნავი Helena. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გემი ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების მისიას ასრულებს და მისი ტრანზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი. 12 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში „მაღალი სიზუსტის სარაკეტო იარაღის გამოყენებით წვრთნების დასრულების“ შემდეგ, ჰავანის პორტში შევიდნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ და კიდევ სამი გემი. რუსეთში ამას „არაოფიციალური ვიზიტი“ უწოდეს. გემები ჰავანაში 17 ივნისამდე დარჩებიან. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ 12 ივნისს განმარტა, რომ კუბაში რუსული სამხედრო გემების ვიზიტი სიურპრიზი არ არის და ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მათ გადაადგილებას ყურადღებით აკვირდებიან. კუბის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 6 ივნისს გამოაცხადა, რომ ელოდებიან რუსულ სამხედრო ხომალდებს, რომლებზეც არ არის ბირთვული იარაღი, რეგიონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და მათი ვიზიტი შეესაბამება ორი ქვეყნის „ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს“. ერთი დღით ადრე, დასავლეთის მედიასაშუალებებმა აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთი აპირებს კარიბის რეგიონში საბრძოლო გემები გაგზავნოს სამხედრო-საზღვაო წვრთნებისთვის. ასევე ნახეთ რუსეთმა დაწყებულად გამოაცხადა ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპი 5 ივნისს პრეზიდენტმა პუტინმა პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რადგან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას აძლევენ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიას უტევენ, იფიქრებენ „ასიმეტრიულ პასუხზე" და ანალოგიური კლასის იარაღის მიწოდებაზე მსოფლიოს იმ რეგიონებისთვის, საიდანაც დაარტყამენ „მგრძნობიარე ობიექტებს" იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის მიმართ მსგავს ქმედებას სჩადიან. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგიონებს გულისხმობდა. ...