“თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები”, “წინ ევროპისკენ”, “დამოუკიდებელი ცხოვრება ჩვენი უფლებაა”, “არა რუსულ კანონს”, - ამ შინაარსის პლაკატებით შშმ პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, “აგენტების კანონი" საფრთხეს უქმნის იმ ორგანიზაციების არსებობას, რომლებიც წლებია, შშმ პირთა უფლებებს იცავენ და სახელმწიფოს აიძულებენ თანაბარი გარემოს შესაქმნელად სხვადასხვა სერვისების დანერგვას. შშმ პირების თქმით, ისინი ირჩევენ ევროატლანტიკურ მომავალს, რათა ყველა ადამიანისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები, განათლება და დასაქმება. “ჩვენ ვიცით საერთაშორისო დახმარების ფასი. დღემდე რაც გაკეთებულა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რასაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება აჟღერებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ინიცირებული და შემუშავებული. ამ ყველაფერს კი უცხოური ორგანიზაციები აფინანსებდნენ და გვასწავლიდნენ ჩვენ. გვასწავლიდნენ, როგორ აგვარებდნენ მსგავს პრობლემებს სხვა ქვეყნებში…ჩვენი პროტესტის მიზეზია ის, რომ ამ ყველა ორგანიზაციას, ვინც ჩვენ გვერდით დგას, აგენტებად გამოაცხადებენ ამ კანონით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსლან საჯაიამ, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა. 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. ...