გორელმა ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა სოსო ბაბაევმა, რომელიც თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტად მიიჩნევს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მისი თქმით, იმ შენობაში, სადაც 15 ივნისს მეგობრებთან ერთად მივიდა პროტესტის გამოსახატად, ის პოლიციელები სხედან, რომლებმაც მას იარაღი ჩაუდეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა კი თავისი გადაწყვეტილებით, იარაღის ჩადება დააკანონა. "ამ შენობაში ზის მოძალადე მილიცია. ამ შენობაში ზის იარაღის ჩამდები მილიცია. ეს თავად სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა, რომ არიან გამყალბებლები. თავიანთმა მონა-მორჩილმა ეს გააზიარა და დაადასტურა, რომ არიან "მაკაროვის" ჩამდებები, მაგრამ ავტომატის ჩამდებებად "გააპრავა". მე არსად არ ვიმალები, მე ვაპირებ ბრძოლას. ასე ცხოვრება არის შეუძლებელი უბრალოდ, როდესაც დადიხარ, ყოველ დილით გამოდიხარ და იცი, რომ რაღაცას ელოდები. კრიმინალებისგან კი არ ელოდები, ელოდები პოლიციისგან, ანუ ესენი არიან ყველაზე მთავარი კრიმინალები, რომლებიც არიან სასწრაფოდ მოსაშორებლები", - უთხრა პოლიციის სამმართველოსთან იოსებ ბაბაევმა რადიო თავისუფლებას. 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბიზნესმენის და აქტივისტის, სოსო ბაბაევის საქმეზე. სასამართლომ ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, პირადი ჩხრეკა კი - უკანონოდ. ასევე ნახეთ გორელი ბიზნესმენი ხელმეორედ დაკავების მოლოდინშია - სააპელაციომ ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ ბაბაევის საქმეზე მას შემდეგ მიმართა, რაც 6 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ბაბაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ჩხრეკის ოპერაცია. 4 ივნისის ღამით, პოლიციის მიერ დაკავებული ბაბაევი 6 ივნისს სწორედ დარბაიძის განჩინების საფუძველზე გაათავისუფლეს. სოსო ბაბაევი სააპელაციო სასამართლოს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ახსენებდნენ ანტირუსულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებში ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარებს. მოსამართლე დარბაიძის განჩინებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სოსო ბაბაევის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები - ის იარაღები, რომლებიც, შსს-ს ვერსიით, ბაბაევის და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს და რომლებსაც ჩადებულს უწოდებს თავად აქტივისტი. პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ბაბაევი გაათავისუფლეს. ახლ...