ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, შვედეთმა ციხიდან გამოუშვა ირანის სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა 1988 წელს პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით მასობრივი დასჯის დროს. სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჰამიდ ნური ირანში უკვე 15 ივნისს ბრუნდება. ის გაცვალეს ევროკავშირის დიპლომატზე, რომელიც ირანში იყო საპატიმროში და კიდევ ერთ პირზე. ომანის საინფორმაციო სააგენტომაც გაავრცელა ცნობა პატიმრების გაცვლის შესახებ, მაგრამ მათი ვინაობა არ დაუზუსტებია. ნური 2019 წელს დააკავეს სტოკჰოლმის აეროპორტში და ბრალი წაუყენეს ჰოხარდაშთის ციხეში პოლიტიკური პატიმრების მასობრივ დახოცვაში. რეპრესია მიმართული იყო ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ, რომელთა შორის იყვნენ სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების - „მუჯაჰედინ-ე-ხალღის“ (MEK) წევრები, რომლებიც ერაყ-ირანის დროს ბაღდადის მხარეს იბრძოდნენ. დაჯგუფება ძალიან არაპოპურულია ირანში ამის გამო. უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, 1988 წელს 5000-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. გარდა MEK-ის წევრებისა, სიკვდილით დასაჯეს სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფის - ირანის სახალხო პარტიის (თუდეს) და Fedaian-ის - მხარდამჭერები. ნური გაცვალეს ორ პირზე, იოჰან ფლოდერუსსა და საიდ აზიზიზე. შვედეთის პრემიერ მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ იოჰან ფლოდერუსი და საიდ აზიზი შვედეთისკენ მიემართებიან და „მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს“. გაცვლის ზუსტი პირობები ან გარემოებები არ არის ჯერ ნათელი, თუმცა, როგორც ჩანს, მასზე მოლაპარაკება ომანის დახმარებით მოხდა, - წერია ომანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ფლოდერუსი, შვედეთის მოქალაქე, 2022 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა ირანში კერძო ვიზიტად. იგი დააკავეს თეირანის აეროპორტში 2022 წლის 17 აპრილს, როცა ქვეყნიდან წასვლას აპირებდა. მოგვიანებით ის ირანის პროკურატურამ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ის დიპლომატად მუშაობდა ევროკავშირის საგარეო უწყებაში. აზიზი, ორმაგი - შვედეთი-ირანის მოქალაქე, დააკავეს 2023 წლის 12 ნოემბერს, თეირანში, მის სახლში, შვედეთიდან ჩასვლისთანავე. ...