საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო. "საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით იქნებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა. ...