შვეიცარიას სურს უკრაინაში მშვიდობის საკითხზე 15-16 ივნისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვა რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც არ მიუღიათ მასში მონაწილეობა. ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შედეგებს მიეძღვნა. "ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს. ასე რომ, ვაპირებთ განვიხილოთ რუსეთთან კონფერენციის შედეგები", - განაცხადა კასისმა. მშვიდობის სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის, შვეიცარიის, წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ნიშნავს რუსეთის მონაწილეობასაც. თუმცა სამიტში მონაწილეობის მიწვევა მოსკოვისთვის არ გაუგზავნიათ. ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგი იყო უკრაინა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგების "დეტალური განხილვა" იგეგმება იმ ქვეყნებთანაც, რომლებმაც უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, პირველ რიგში, ჩინეთთან. კასისის თქმით, მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს და წინსვლის საერთო გზის ძიებისთვის აუცილებელია მათი გაერთიანება. მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს. ამის მიზეზად, პირველ რიგში, მათ მოიყვანეს სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა. ასევე ნახეთ ზელენსკი მშვიდობის სამიტის შესახებ: დიალოგი შედგა და მას შეიძლება პრაქტიკული შედეგები მოჰყვეს ...