უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაადასტურეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე. დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დარტყმების სამიზნე იყო ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი და ტრაქტორების ქარხანა, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებით იყენებს. კონკრეტულ შედეგებზე წყაროს არაფერი უთქვამს. ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი რუსეთში უმსხვილესი ფოლადსასხმელო ქარხანაა. ლიპეცკში აფეთქებები 17 ივნისს, გამთენიისას მოხდა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები მეტალურგიულ კომბინატსა და ტრაქტორების ქარხანაზე დრონებით შეტევამ გამოიწვია. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის „სამრეწველო ტერიტორიაზე“ დრონებით შეტევა იყო, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაზუსტების გარეშე, დილით განაცხადა, რომ ლიპეცკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ლიპეცკის სამრეწველო ზონაზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში". უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ...