Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილება. ამის შესახებ ცნობა რუსეთის სვერდლოვსკის რაიონული სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პირველი პროცესი 26 ივნისს არის დაგეგმილი. გერშკოვიჩს, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის მარტიდან იმყოფება, ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. გამომძიებლების თქმით, ჟურნალისტმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია "ურალვაგონზავოდზე", რომელიც აწარმოებს და არემონტებს სამხედრო ტექნიკას. გამოძიება ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოა. გერშკოვიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ იგი ექსკლუზიურად იყო დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით. გამოცემა Wall Street Journal-ი ასევე კატეგორიულად უარყოფს მისი თანამშრომლის მიმართ ბრალდებებს. რედაქცია გერშკოვიჩის მომავალ სასამართლო პროცესს "ფსევდოსასამართლო პროცესს" უწოდებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტს მხოლოდ მისი მუშაობის გამო დევნიან. ასევე ნახეთ Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩს რუსეთმა 30 ივნისამდე გაუგრძელა პატიმრობა ასევე ნახეთ Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩს რუსეთმა 30 ივნისამდე გაუგრძელა პატიმრობა აშშ-ის ხელისუფლებამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა და საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსკოვს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გერშკოვიჩს "უკანონოდ დაკავებულის" სტატუსი მიანიჭა. მანამდე რუსულ და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ მოსკოვი გერშკოვიჩს შეიძლება, ციხეში ამყოფებს იმისთვის, რომ გაცვალოს აშშ-ის ციხეებში მყოფ რუსეთის რომელიმე მოქალაქეში. 2023 წლის დეკემბერში, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო ჟურნალისტის გათავისუფლების შეთავაზება. 2024 წლის 17 მარტს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოიწონა მისი გაცვლის იდეა. მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვი მზად იყო გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. სანაცვლოდ, რუსეთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ითხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიაში დაპატიმრებული ვადიმ კრასიკოვისა და „შეერთებულ შტატებში მსჯავრდადებული კიდევ რამდენიმე რუსის“ ექსტრადიციას. ...