„სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო, მეორე მხრივ - სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაშია“ წარმოდგენილი. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს“, - წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ხალხმა დაინახოს, „[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“. “ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ოპოზიციური პარტიების ძლიერ მხარდაჭერაში გადაიზარდოს, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანის დასაცავად და მოღალატეებისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად“, - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“. საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. ამ არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „სხვანაირი ერთობა“ და "ქართული ქარტია" წარმოადგინა. პრეზიდენტის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. „ქართულ ქარტიას“ შეუერთდნენ 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომ „ქარტიაში“ გაწერილი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოში ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“ ...