„ვფიქრობ, აუცილებელია გამოძიების დაწყება. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე რომც იყოს რაიმე დაპირისპირება, ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ გამოძიება დაიწყოს და ზუსტად იცოდეს საზოგადოებამ, რა მოხდა... არავის დაუსჯელობის განცდა არ აქვს“, - თქვა გია ვოლსკიმ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს ურჩია, „ჭარბ დრამატიზებას შეეშვან“. „თუ გამოძიება დასაწყებია, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. შაბათს, 15 ივნისს, რამდენიმე ტელევიზიამ („მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“) წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას, სცემეს. მათი ინფორმაციით, ამ ძალადობის შემდეგ ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის სახლთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/EKtwJHh2SWw?&&&fs=1&enablejsapi=1") „წყაროს ინფორმაციით, გიორგი შინჯიკაშვილმა ქვეყანა ხარებას ცემის შემდეგ რამდენიმე საათში დატოვა. დაიმალნენ მისი დაცვის ის წევრებიც, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. თუმცა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. შეურაცხყოფილმა ხარებამ შინჯიკაშვილის ძებნა სპეცრაზმთან ერთად დაიწყო“, - აცხადებდა „მთავარი არხი“. ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ზვიად ხარაზიშვილთან და გიორგი შინჯიკაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა ამ შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. ...