აშშ-ის არმიის უფროსმა სერჟანტმა გორდონ ბლეკმა, რომელიც გასულ თვეში დააკავეს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, უარყო ბრალდება თავის რუს მეგობარ ქალზე თავდასხმისა და მისი მოკვლით მუქარის შესახებ. სასამართლო პროცესი 17 ივნისს განახლდა. ბლეკმა ჩვენება მისცა სასამართლოზე და განაცხადა, რომ ალექსანდრა ვაშჩუკმა ინციდენტის დღეს დიდი რაოდენობით არაყი დალია და აგრესიულად დაიწყო მოქცევა მის მიმართ - ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ასევე ფიზიკურადაც დაესხა თავს და ყურსა და თვალში დაარტყა. მან თქვა, რომ ქალმა ასევე ესროლა თეფში. ბლეკის თანახმად, როცა მან ბინიდან გასასვლელად თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო, ვაშჩუკი გასასვლელთან გადაეღობა და იჩხუბეს. მაისის ბოლოს ბლეკს ბრალი ქურდობასა და მოკვლით მუქარაში წაუყენეს. გამომძიებლების თქმით, 2024 წლის აპრილიდან ბლეკი თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა ვლადივოსტოკში. მაისში მან პარტნიორს კისერში მოჰკიდა ხელი, რაც ქალმა სიცოცხლის საფრთხედ აღიქვა. ამის შემდეგ ბლეკმა, გამოძიების თანახმად, დაზარალებულის საფულიდან ამოიღო 10 ათასი მანეთი, რომლითაც სასტუმროს ნომერი იქირავა. მანამდე Associated Press-ი რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სერჟანტი ბლეკი სამხრეთ კორეაში მსახურობდა და მალე სამშობლოში, ტეხასში უნდა დაბრუნებულიყო. სააგენტომ დაადასტურა, რომ სამხედრო მოსამსახურეს ქურდობაში ედებოდა ბრალი და რუსეთში გაემგზავრა თავისი დიდი ხნის შეყვარებულთან შესახვედრად, რომელთანაც მანამდე ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთ კორეაში სამსახურისას. მისი მოგზაურობა სარდლობის ნებართვის გარეშე შედგა. ...