18 ივნისს რუსეთის ფედერაციის თათრეთის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ადვოკატზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტის დამცველმა განმარტა, რომ ალსუ კურმაშევას სურდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა „შინაპატიმრობაზე მაინც“. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, აღნიშნავს Idel.Realii. ამდენად, რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რიზვან იუსუპოვმა კანონიერად ცნო ყაზანის სოვეცკის რაიონული სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილება, ალსუს პატიმრობის 5 აგვისტომდე გახანგრძლივებაზე. ალსუ კურმაშევა შვიდ თვეზე მეტია პატიმრობაშია - გასული წლის 18 ოქტომბრიდან. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული: პირველია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევა, შესაბამის ორგანოში წარედგინა დოკუმენტები, რომლებიც "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შესაყვანად იყო აუცილებელი და მეორეა რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელება. კურმაშევა უარყოფს დანაშაულს. ბოლო სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თავს სტაბილურად უარესად გრძნობდა. ალსუ კურმაშევას თქმით, მას აქვს ისეთი დიაგნოზი, რომ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლებელია: ” შემიძლია შევინარჩუნო ის, რაც მაქვს”. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია სჭირდება. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლოს თავისი შვილების ხმა 2023 წლის ოქტომბერში გაიგო. მას არ აქვს ზარების განხორციელების უფლება. ჟურნალისტის ოჯახი პრაღაში ცხოვრობს. ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსეთის გარდა, აშშ-ის მოქალაქეობაც აქვს, ბოლო წლებში ჩეხეთში, პრაღაში, ცხოვრობდა და მუშაობდა. გასული წლის მაისში იგი რუსეთში ჩავიდა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. კურმაშევას თავიდან ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, შემდეგ კი, ოქტომბერში, დააკავეს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა ალსუ კურმაშევას დაკავების ვადის გახანგრძლივებაზე კომენტირებისას თქვა: „უსამართლობა ამ არასაჭირო და სასტიკ დევნაში ყოველდღიურად იზრდება. ალსუს, როგორც აშშ-ის მოქალაქის, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები დაირღვა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და 227 დღეა იქ იმყოფება. ალსუს არც კი მიეცა საშუალება, დაერეკა თავისი მოსიყვარულე ქმრისა და შვილებისთვის, მას უარი ეთქვა აშშ-ის საკონსულო დახმარებაზე და სამედიცინო დახმარებაზე. ალსუ შინ უნდა იყოს, პრაღაში და თავის ქალიშვილებს სასკოლო გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდეს და არა გისოსებს მიღმა რუსეთის ციხეში უსაფუძვლო ბრალდებებით“, - ამბობს სტივენ კაპუსი. აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გაათავისუფლოს ალსუ კურმაშ...