საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა ჟორდან ბარდელამ, რომელიც შესაძლოა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, თავი დაიცვას რუსეთისგან, მაგრამ უკრაინაში არ გაგზავნის საფრანგეთის ჯარებს ან გრძელი რადიუსის რაკეტებს. „ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და ის იმაში მდგომარეობს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მივაწოდოთ მას თავდაცვითი აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, ოპერატიული ლოგისტიკური მხარდაჭერა და თავდაცვითი შეიარაღება, რათა უკრაინას საშუალება მივცეთ, დაიცვას საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ფრონტი“, - თქვა ბარდელამ პარიზში შეიარაღების გამოფენა Eurosatory-ის მონახულებისას. მისი თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით ის წინააღმდეგია უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნისა. „ეს წითელია ხაზია“, - დასძინა მან. ასევე ნახეთ რას მოიტანს ევროპული არჩევნები საქართველოში - ძალები ახალ ევროპარლამენტში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალურმა გაერთიანებამ“, რომელსაც სათავეში უდგას ბარდელა, საფრანგეთში დიდი გამარჯვება მოიპოვა ევროპარლამენტის არჩევნებში. მან ორჯერ მეტი ხმები მოაგროვა, ვიდრე მაკრონის „აღორძინებამ“ და პრეზიდენტი აიძულა, დაეთხოვა პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები გამოეცხადებინა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება, „ეროვნული გაერთიანება“ გაიმარჯვებს და ჟორდან ბარდელა გახდება პრემიერ-მინისტრი. მაკრონმა მაისში არ გამორიცხა უკრაინაში საფრანგეთის ჯარების გაგზავნა „ფრონტის გარღვევის შემთხვევაში“. „თუკი რუსები ფრონტის ხაზს გაარღვევენ, თუკი უკრაინისგან მივიღებთ თხოვნას, რაც ჯერ არ მიგვიღია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ ამ საკითხზე [ჯარების გაგზავნაზე]“, - თქვა მაკრონმა Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ევროპაში რუსეთის შემდგომი აგრესიის შეჩერების უნარი დამოკიდებულია „წითელი ხაზების არარსებობაზე“. ...