ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. როგორც ვარაუდობენ, შეზღუდვებს დაუწესებენ რუსეთის გათხევადებულ გაზს და ნავთობის ტრანსპორტირებას. სანქციები მოსკოვს დაწესებული აქვს უკრაინაში შეჭრისთვის. სანქციების პაკეტის მიღება რამდენჯერმე გადაიდო გერმანიის პოზიციის გამო. ის ეწინააღმდეგებოდა ევროპული კომპანიების პასუხისმგებლობას მათი შვილობილი ან პარტნიორი კომპანიების მიერ ჩადენილი დარღვევისთვის მესამე ქვეყნებში. ამ საკითხში კომპრომისი იქნა მიღწეული, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. Euobserver-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსული გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებაზე, ჰელიუმის ექსპორტზე და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომაში. სანქციების სიაში შეიძლება მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, „რუსული სპილენძის კომპანიის“ დამაარსებელი იგორ ალტუშკინი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი და კომპანია „ბალტიკის“ ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ ბოლოევი. ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, 27-28 ივნისს მიიღებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს. ...