ნატოს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე შეცვლის ნატოს მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს. ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენიმე თვის განმავლობაში არ თანხმდებოდა რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს, უარი თქვას უკრაინის მხარდასაჭერად ნატოს საქმიანობაში მონაწილეობაზე. თავად ორბანმა მოგვიანებით დაადასტურა სტოლტენბერგთან ადრე მიღწეული შეთანხმებები და იმედი გამოთქვა, რომ რუტე გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. ბრატისლავის მხარდაჭერა რუტემ უზრუნველყო დაპირებით, რომ ნატო სლოვაკეთს მისი საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება, სანამ ის საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის. ასევე ნახეთ რუმინეთის პრეზიდენტმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე რუტეს გარდა, პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. დღეს მან განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის. ნატოს ახალი ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2 ოქტომბერს შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. Politico განმარტავს, რომ ნიდერლანდმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა ასეთი მიზნის მიღწევაზე დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. ნატოს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს. ...