გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დაბა ილსკიში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანა. კრასნოდარის რეგიონის ოპერატიული შტაბის თანახმად, ინფორმაცია ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ 21 ივნისს, 04:00 საათზე მიიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა საწარმოს ორი თანამშრომელი, დაზიანებულია ქარხნის ადმინისტრაციული შენობები და სამეურნეო ნაგებობები. ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო სოფელ ვოლნასა და დაბა აფიპსკიზეც. ამ რაიონებშიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის ბაზა მდებარეობს. კრასნოდარის ოპერატიული შტაბი ამ საწარმოებს არ ახსენებს. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ვოლნაში დააზიანა საოჯახო სასტუმრო, თუმცა არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია. უკრაინამ ილსკის და აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლნაში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც არაერთხელ მიიტანა. ასევე ნახეთ უკრაინაში ადასტურებენ რუსეთის 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმას რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA იუწყება, რომ 21 ივნისს, გამთენიისას, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია კრასნოდარის მხარის ეისკის რაიონშიც. ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. დღეს დრონებით შეტევა იყო კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კრასნოდარზეც. მერის, ევგენი ნაუმოვის თანახმად, დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანებულია ავტოსადგურ „იუჟნის“ შენობა და საქვაბე. კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, დაიღუპა საქვაბის ერთი თანამშრომელი. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში 43 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში". უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. 20 ივნისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ტამბოვის ოლქსა და ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე ნავთობის ბაზებზე. უკრაინის უსაფრთხოების ს...