პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა გაეროს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ - სომხეთმა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 21 ივნისს, გამოქვეყნებული განცხადებით, ერევანი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის პოზიციაა, რომ ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების გზა ორი სახელმწიფოს არსებობაა, ამიტომ ამ პრინციპს მხარს უჭერს. ერევანი გმობს როგორც ისრაელში ჰამასის მიერ მძევლების აყვანას, ისე ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. ასევე ნახეთ საქართველო - პალესტინა: (უცნაური) ურთიერთობების ისტორია 2024 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ და სლოვენიამ. ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და უწოდა „საჩუქარი ჰამასისთვის“. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 145-ზე მეტს. 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ. ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა. ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ...