მშობელმა ბავშვის მონაცემები უნდა შეავსოს ვებსაიტზე kids.org.ge. იმავე სერვისის მიღება შესაძლებელია რაიონულ სერვისცენტრებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება და 14 ივლისს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ: სოციალურად დაუცველი იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის - ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე); მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები); მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები); თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 15 ივლისს 10:00 საათზე და დასრულდება 21 ივლისის 00:00 საათზე. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება თბილისში რეგისტრირებული ბავშვების დარეგისტრირება. მესამე ეტაპი კი, რომელიც 22 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება, საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს. ...