19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ვაკის პარკში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგია გამორთული იყო. როგორც გიორგი გახელაძის ძმა ლევან გახელაძე ამბობს, პარკიდან საგამომძიებლო ორგანოებმა კამერები მაინც ამოიღეს და ამჟამად ჩანაწერებს ამოწმებენ. სხვა კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე იქვე მაღაზიასა და აფთიაქში შევიდა და „ასპირინი“ და არაყი შეიძინა. იქცეოდა ჩვეულებრივად. ლევან გახელაძე ვერ ამბობს, რა შეიძლება გამხდარიყო მისი ძმის გაუჩინარების მიზეზი. გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორმოცდაათამდე მოხალისე დღეს, 21 ივნისის დილას, კუს ტბაზე შეიკრიბა და ვაკის პარკის მიმართულებით შეამოწმა ტერიტორია. მათ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ...