გერმანიაში, ჰესენის მიწის სისხლის სამართლის დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანკფურტში დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი პირი. ისინი ერთ-ერთ უკრიანელ მოქალაქეზე ინფორმაციის შეგროვებით ყოფილან დაკავებული. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა. დაკავებულები უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან. პროკურატურამ გერმანიის უზენაეს სასამართლო პალატას მათი დაკავების თხოვნით მიმართა. უკრაინელი, რუსი და სომეხი ეჭვმიტანილები არიან საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობაში. გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყანაზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გერმანიაში ცოტა ხნის წინ ჩასულა. დაკავების ბრძანებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები, საგარეო დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ ინფორმაციას გერმანიაში მყოფი უკრაინის მოქალაქის შესახებ, რომელიც Der Spiegel-ის თანახმად, რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. სხვა დეტალები უცნობია. ბოლო პერიოდში გერმანიაში გახშირდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემთხვევები. მაგალითად, აპრილში, ბავარიაში დააკავეს ორი ეჭვმიტანილი აგენტი, რომლებიც სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურების მითითებით გერმანიაში დივერსიას გეგმავდნენ. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს პროცესი გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის (BND) თანამშრომლის წინააღმდეგ, რუსეთის საკონტაქტო პირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისა და ამის საფასურად რუსული წყაროსგან ანაზღაურების მიღების ბრალდებით. ასევე ნახეთ „სირცხვილი“ - რუსულმა დაზვერვამ გერმანიის ხელისუფლება გააბითურა ...