პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არასასურველად გამოაცხადა სამი უცხოური - ამერიკული, კანადური და ფინური არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველა მათგანი ქრისტიანული მედიაა, რომელიც მათ შორის რუსულ ენაზეც მაუწყებლობს. ფინური პანქრისტიანული სამაუწყებლო ტელე-რადიოკომპანია IRR-TV 1986 წელს დაარსდა. რუსეთი მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია, თუმცა ტელევიზია ასევე მაუწყებლობს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. კომპანია ატარებს ევანგელისტურ საქმიანობას, ბეჭდავს და ავრცელებს ქრისტიანულ ლიტერატურას. IRR-TV ასევე აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს ახალი ამბებითა და სარედაქციო მასალებით. ორგანიზაცია აგროვებს დახმარებას უკრაინელი ჯარებისა და სამოქალაქო პირებისთვის. იუსტიციის სამინისტროს აკრძალვის ქვეშ მოექცა ასევე რელიგიური ორგანიზაცია Great Commission Media Ministries-ის ორი, ამერიკული და კანადური ფილიალი. ესეც წარმოადგენს მედიას, რომელიც 40 წელზე მეტია ატარებს სახარების სიტყვას ჯერ სსრკ-ში და შემდეგ რუსეთში, ასევე აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. GCM-ს აქვს სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ასევე გამოსცემს რელიგიურ ლიტერატურას მრავალ ენაზე. ის მჭიდროდ პარტნიორობს ფინურ IRR-TV-სთან. ასევე აშუქებს ომს უკრაინაში და აგროვებს დახმარებას ქველმოქმედების მიზნით. ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ამ სიაში შეიტანა 160-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და მედია, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია. რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ასევე ნახეთ რადიო თავისუფლება კრემლის ახალ "შავ სიაში" - რა ნიშნავს იყო რუსეთისთვის "არასასურველი ორგანიზაცია"? ასევე ნახეთ რუსეთში შესაძლებელი ხდება, ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი" ...