ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაში. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, დაზარალდა, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბანში მცხოვრები მოსახლეობა, რადგან დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. ასევე, სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. „ეს არის უბნები, სადაც პატარა ღელეებია ახლოს. წვიმის შედეგად ადიდებული ღელეების გამო დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ჩამოირეცხა საუბნო გზები... მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსადენების ნაწილი. შედეგად, წალენჯიხის ნაწილს გათიშული აქვს ელექტროენერგია და ინტერნეტი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ბელქანიამ. როგორც წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მეორე დღეა სამეგრელოში ძლიერი წვიმაა. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდან ზარალის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა რეგიონში 23 ივნისამდე შენარჩუნდება. ...