აშშ-მა უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებით იერიშები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრით განუსაზღვრა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს ორ ანონიმ უკრაინელ მოხელეზე დაყრდნობით. მანამდე 20 ივნისს პენტაგონის წარმომადგენელმა ჩარლი დიცმა განმარტა, რომ აშშ-მა კიევს თანხმობა მისცა ამერიკული შეიარაღების გამოყენებაზე, რათა საპასუხო იერიშები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე იქ, სადაც რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. ეს შეეხება ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ჩამოაგდონ რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებიან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას აპირებენ. „ეს არ არის [იარაღის გამოყენების] გეოგრაფიის ან გარკვეული რადიუსის საკითხი, ესაა საღი გონების საკითხი. თუ რუსეთი უკრაინას საზღვრის გარედან უტევს, მაშინ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საპასუხო დარტყმა მიაყენოს ობიექტებს, რომლებიც უტევს მას საზღვრის მეორე მხრიდან,“ თქვა დიცმა. მაგრამ ამ 100-კილომეტრიან ზონაში არ შედის რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ავიაბაზები, რომლებიდანაც ფრინდებიან თვითმფრინავები კორექტირებადი ავიაბომბებით. ეს ბომბები ახლა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო მოსახლეობისთვის, აღნიშნავენ Washington Post-ის წყაროები. ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე აკრძალვამ, რომელიც ორ წელს მოქმედებდა, რუსეთს შესაძლებლობა მისცა შეექმნა დაცული ზონა, რომლიდანაც უშენდა ცეცხლს უკრაინის საზღვრისპირა რაიონებს, შენიშნავს გამოცემა. სამი კვირის წინ მიღებულმა ნებართვამ „გარკვეულად შეცვალა ვითარება, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე“, იმოწმებს Washington Post-ი წყაროს უკრაინის სამხედრო სფეროდან. კერძოდ გავლენა მოახდინა ამერიკული HIMARS-ების მეშვეობით რუსეთის S-300/S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებამ საზღვრის მახლობლად. ამის შემდეგ შეწყდა ხარკოვის დაბომბვა, იმოწმებს გამოცემა ქალაქის მერს, იგორ ტერეხოვს. ...