ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოპულარულ რეპერ თომაჯ სალეჰის სასიკვდილო განაჩენი. ამის შესახებ 22 ივნისს განაცხადა მისმა ადვოკატმა. სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ქალაქ ისპაანის სასამართლომ გადასინჯა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რეპერს მიმდინარე წლის აპრილში სიკვდილი მიუსაჯა. „როგორც მოსალოდნელი იყო, უზენაესმა სასამართლომ თავი აარიდა გამოუსწორებელ სასამართლო შეცდომას,“ დაწერა სოცქსელ X-ში სალეჰის ადვოკატმა ამირ რაისიანმა. „სასიკვდილო განაჩენი გაუქმებულია და უზენაესი სასამართლოს სააპელაციო განაჩენის საფუძველზე საქმე განსახილველად გადაეცემა პარალელურ ინსტანციას“. ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც მონაწილეობდა პოპულარული რეპერი, 2022 წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ხმარებისთვის. პოლიციის თქმით, ამინის ინსულტი დაემართა. მისი ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ პოლიციელებმა ის ცემით მოკლეს. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა იყო ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე. შეტაკებებში ასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით დააპატიმრეს, საპროტესტო გამოსვლების რამდენიმე მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. ...