დაღესტანში დააკავეს სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია „ედინაია როსიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი მაგომედ ომაროვი და გაჩხრიკეს მისი სახლი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა, ისევე როგორც მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელები მოკლეს და ისინი უკვე ამოცნობილი არიან. 23 ივნისს, დერბენტში, უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და მართლმადიდებელ ეკლესიას. პარალელურად, უცნობი პირები მახაჩყალაში თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის განყოფილებას, შემდეგ კი სროლა გაიმართა მათსა და ადგილზე მისულ პოლიციას შორის. თავდასხმების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი პოლიციელი, ხოლო 25 დაშავდა. მედია მართლმადიდებელი მღვდლის სიკვდილის შესახებაც იუწყება. ტერაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმაში სულ მცირე ექვსი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ოთხი ლიკვიდირებულია. ...