ფეისბუკში სოფელ ზოდის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ამ ძალადობას „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უკავშირებენ. „რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები“, - წერია ზოდის ჯგუფში. იმავეს ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, კოტე აბდუშელიშვილი. მისი მონაყოლის მიხედვით, ნიკო გაფრინდაშვილს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი თბილისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც ის ცხოვრობს. ახალგაზრდა კაცს ფიზიკური დაზიანებები აქვს, დაუდგინდა ტვინის შერყევაც. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტები სახელმწიფომ ეფექტიანად უნდა გამოიძიოს: „ჩვენ ამ საკითხზე, ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და ველოდებით გამოძიების შედეგებს“. ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ჯგუფური ძალადობა ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. კოტე აბდუშელიშვილის თქმით, ამ ძალადობის მიუხედავად, მათი გეგმები არ იცვლება და 30 ივნისს კვლავ შეიკრიბებიან სოფელ ზოდში. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზსაც“ - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ...