Reuters-მა გაავრცელა აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენლის 24 ივნისის განცხადება, რომ უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ეს განცხადება პენტაგონმა გაავრცელა მას მერე, რაც კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც, მისი თქმით, აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. თავდასხმას ემსხვერპლა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი და დაშავდა - 151. "უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს სამიზნეების შესახებ და ატარებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიორმა ჩარლი დიტცმა. 24 ივნისს უფრო ადრე, სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი. რუსეთის სამხედროების მტკიცებით, სევასტოპოლს უკრაინის არმიამ ესროლა ამერიკული წარმოების რაკეტა ATACMS-ი, რომელსაც კასეტური ჭურვები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩს განუცხადეს, რომ „ დაუსჯელი არ დარჩება ქმედება ვაშინგტონისა, რომლის მიზანი უკრაინის პრონაცისტური ხელისუფლების საომარი მოქმედებისკენ წაქეზებაა.“ ასევე ნახეთ სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი ...