24 ივნისს Reuters-ი ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ობიექტებზე ორი საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 11 პალესტინელი. ღაზის სექტორში ისრაელის ტანკებმა წინ წაიწიეს სამხრეთით, რაფაჰის სიღრმეში და ბრძოლით დაბრუნდნენ უკან, ჩრდილოეთის რაიონებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვის წინ დაიკავეს. ერთი დარტყმა განხორციელდა სურსათის განაწილების ცენტრში, ქალაქ ღაზაში, შათის ისტორიული ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი. მეორე დარტყმა - ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბანი-სუჰაილასთან, რომლის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ახლდნენ, - განაცხადეს ექიმებმა. ისრაელს დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია. ის უარყოფს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე თავდასხმას და პალესტინელ მებრძოლებს ადანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაში იმით, რომ მასშია გარეული. ღამით ქალაქ ღაზაში, სამედიცინო კლინიკაზე, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ღაზის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილების დირექტორი, - განაცხადა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ. ისრაელის სამხედროებმა თქვეს, რომ ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის მეთაური. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰანი ალ-ჯააფარავის დაღუპვამ, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული სამედიცინო მუშაკების რიცხვი 500-მდე გაზარდა. ამ დრომდე დაკავებულია კიდევ, სულ ცოტა, 300 ექიმი. ისრაელის სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმის სამიზნე იყო მოჰამად სალაჰი, რომელიც, განცხადების თანახმად, პასუხისმგებელია ჰამასის შეიარაღების განვითარებაზე. საბრძოლო მოქმედებების რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, საერთაშორისო შუამავლების მცდელობამ, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, ჯერჯერობით ვერ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ამბობს, რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაასრულოს ომი, ხოლო ისრაელი თვლის, რომ ის მხოლოდ დროებით პაუზებს დათანხმდება ჰამასის სრულ განადგურებამდე ბრძოლაში. 24 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კვლავ ერთგული რჩება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მაისში შეთავაზებული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შესახებ. ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია სუსტდება, მაგრამ შემდეგი ომი ლიბანთან შეიძლება იყოს ასევე ნახეთ ისრაელის არმიის წარმომადგენელი თვლის, რომ ჰამასს ვერ გაანადგურებ ...