ბოლო მონაცემებით, 21-მდე გაიზარდა 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დერბენტის რაიონის ხელმძღვანელ მავსუმ რაჰიმოვის განცხადებით, სამშაბათს საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა. 21-ე დაღუპული, სერჟანტი ნარიმან ნასრულაევი 24 წლის იყო. ის რეანიმაციაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, დერბენტის საავადმყოფოს ცნობით, რეანიმაციაში ხუთი ადამიანი რჩება: სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორისა - მძიმე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 პოლიციელი. სროლის შედეგად 26 დაშავდა. დერბენტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე თავდასხმის დროს მოკლეს მღვდელი, 66 წლის ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი. ასევე ნახეთ მოკლული მღვდელი, გადამწვარი ეკლესიები და სინაგოგები. რა იწვევს ჩრდ. კავკასიის რადიკალიზაციას? რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის (ეაკ) მიხედვით, ორი „ბოევიკი“ დერბენტში მიკლეს, დანარჩენები კი - მაჰაჩყალაში. დაღესტნის საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, შამილ ხადულაევი ამტკიცებს, რომ ყველა თავდამსხმელი სოფელ სერგოყალიდან იყო. დაღესტნის ტელეგრამარხები ასევე წერენ, რომ მოკლულ თავდამსხმელებს შორის იყო MMA-ის ყოფილი მებრძოლი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის კლუბის წევრი. დაღესტნის სერგოყალის რაიონის ხელმძღვანელმა მაგომედ ომაროვმა დაკითხვისას თქვა, რომ თავდასხმაში მონაწილე მისი ვაჟები და ძმისშვილი „ვაჰაბიტები“ არიან. ამის შესახებ უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა Baza-მ. ომაროვის თქმით, მას ბოლო წლებში შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია. ომაროვმა ასევე დაარწმუნა გამომძიებლები, რომ არც თვითონ და არც მისი სხვა ნათესავები არ მიეკუთვნებიან ვაჰაბიტურ მოძრაობას. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი). ...