სტიქიამ, რომელსაც ადგილობრივებმა “ტორნადო” უწოდეს, დააზიანა ალავერდის ტაძრის მთავარი გუმბათი. გუმბათს თუნუქი მთლიანად გადახდილი აქვს, ქარმა ჩამოაგდო ჯვარიც. დაზიანდა მეუფის და სამონასტრო რეზიდენციის სახურავი, კელიები, სიძველეთა საცავი. ტაძრის გარეთ მოგლეჯილია რკინის მოაჯირები, განათების და ელექტროენერგიის ბოძები. ძლიერმა ქარმა ალავერდის ტაძართან, გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამოატრიალა, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა. მათ სხეულზე დაზიანებები აქვთ და ამ დროისთვის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაშავებულებს ამბულატორიული დახმარება დასჭირდათ და კლინიკიდან მალე გაწერენ. ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაითვლიან ზარალს და დაიწყება აღდგენა. შეკითხვაზე, უამინდობის შემთხვევაში ხომ არ არის საფრთხე, რომ წვიმის წყალი ჩავიდეს ტაძარში, მერის მოადგილემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საფრთხე არ დგას. ...