დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში 25 ივნისის საღამოს კვლავ იყო სროლები. ტელეგრამის არხების, “შოტის”, “მაშასა” და “ბაზის” თანახმად, ქალაქში გამოცხადდა გეგმა “შეპყრობა”. სამართალდამცველები ორ შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ, რომლებმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს. 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დერბენტის საავადმყოფოს ცნობით, რეანიმაციაში ხუთი ადამიანი რჩება: სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორისა - მძიმე. ასევე ნახეთ მოკლული მღვდელი, გადამწვარი ეკლესიები და სინაგოგები. რა იწვევს ჩრდ. კავკასიის რადიკალიზაციას? დერბენტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე თავდასხმის დროს მოკლეს მღვდელი, 66 წლის ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი. ...