პოლიციასთან დაპირისპირებისას, რამდენიმე დემონსტრანტი მოკლეს ნაირობიში კენიის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გადასახადების გაზრდის კანონპროექტს და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენა, რაც ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით ვერ დაშალა აქციის ათასობით მონაწილე. საინფორმაციოს სააგენტოების, Associated Press-ისა და Reuters-ის ჟურნალისტები იუწყებიან, რომ პარლამენტის შენობის სიახლოვეს რამდენიმე ადამიანის ცხედარი ნახეს, ადგილობრივი წყაროების მიხედვით, დაშავებულია ათობით ადამიანი. მანამდე აქციის მონაწილეებმა შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეჭრა, სადაც ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომლებიც მალევე ჩააქრეს. მომხდარის შემდეგ, დასავლეთის 13 ქვეყნის ელჩმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც წუხილი გამოთქვა დემონსტრანტებს შორის მსხვერპლისა და დაშავებულების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გმობენ კენიაში მომხდარ ძალადობას. მან მიუსამძიმრა ნაირობიში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა ოჯახებს და თავშეკავებისკენ მოუწოდა ყველას, დიალოგის სივრცის უზრუნველსაყოფად. გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ აქციები კენიაში, ნაირობისა და სხვა ქალაქებში, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. 25 ივნისს კენიის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლიდანაც ამოიღეს მუხლი ავტომობილის ფლობის გადასახადის შესახებ. კენიის მთავრობა ახალი კანონით ქვეყნის ბიუჯეტში 3 მლრდ დოლარამდე თანხის მიღებას გეგმავს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. კენიის პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ...