ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაამტკიცა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ამ პოსტზე იგი შეცვლის 72 წლის იენს სტოლტენბერგს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს, დაამტკიცეს. რუტეს კონკურენტად განიხილებოდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა. როგორც ნატოს ვებგვერდი იუწყება, მარკ რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. როგორც გამოცემა Politico განმარტავს, თავად ნიდერლანდმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. ნატოს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს. ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ასევე ნახეთ ვინ დაიკავებს ევროკავშირისა და ნატოს უმაღლეს თანამდებობებს? ასევე ნახეთ რუმინეთის პრეზიდენტმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ...