რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებების დაცვის უწყებებმა შეხვედრა გამართეს 25 ივნისს, სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, - განაცხადა კიევმა. ორივე ქვეყანამ გაათავისუფლა 90 დატყვევებული ჯარისკაცი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით დადებული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც ბოლოა სამხედრო ტყვეების შესახებ არსებულ 50-ზე მეტ შეთანხმებას შორის, რომლებიც გაფორმდა ომის განმავლობაში. ეს პირველად მოხდა, რომ რუსეთი დათანხმდა ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი შეხვედრის გამართვას სამხედრო ტყვეების გაცვლის დროს, უთხრა AFP-ს უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა. "ეს უკრაინის მორიგი ინიციატივა იყო, რომელსაც რუსული მხარე პირველად დაეთანხმა", - აღნიშნა მან. მისი თქმით, ორივე მხარემ აღწერა დაბრუნებული სამხედრო ტყვეების მდგომარეობა, რათა მონიტორინგი გაუწიონ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებს ტყვეობაში ყოფნისას. რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამაც დაადასტურა, რომ ორი მხარის წარმომადგენელთა შორის შეხვედრა შედგა. მან თქვა, რომ "გაცვალეს ინფორმაცია დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების შესაძლო ვარიანტებზე". ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამ დროის განმავლობაში, საჯარო დიპლომატიური კონტაქტები ამ ორ მხარეს შორის იშვიათია. კიევის თქმით, სამხედრო ტყვეები ჩიოდნენ, რომ რუსეთის ტყვეობაში ყოფნის დროს ცუდ პირობებში ამყოფებდნენ. ასევე ნახეთ რუსეთმა და უკრაინამ 75-75 სამხედრო ტყვე გაცვალეს ...