საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ პოზიციაზე სამი მოსამართლის უვადოდ განწესებას. მოსამართლეობის კანდიდატებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს კენჭი 27 ივნისის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მოსამართლეობის ეს სამი კანდიდატი უზენაეს სასამართლოში ნინო ბაქაქურის, ზურაბ ძლიერიშვილისა და ალექსანდრე წულაძის ადგილებს დაიკავებს. ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 18 ოქტომბერს ეწურებათ, ალექსანდრე წულაძემ კი მოსამართლის თანამდებობა 2023 წლის დეკემბერში დატოვა. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ვინაიდან უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია, დანარჩენი ორი ადგილი კი 18 ოქტომბრიდან გათავისუფლდება, საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი ანბანის მიხედვით უყარეს, დათქმით, რომ უზენაესში დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას პირველი არჩეული შეუდგებოდა. ამ წესით პირველად კენჭი გიზო უბილავას კანდიდატურას უყარეს, მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში სამოსამართლო კარიერას უვადოდ იგი დღეიდან დაიწყებს. ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი 78-ხმიანი მხარდაჭერით უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის 18 ოქტომბრიდან შეუდგებიან. მოსამართლეობის ეს კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა. ბადრი შონია 2011 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე. 2021-2023 წლებში ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, 2006-2010 წლებში კი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა; გოჩა ჯეირანაშვილი 2021 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2009-2018 წლებში ის იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. 2002-2007 წლებში ჯეირანაშვილი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა შსს-ში; 2007-2009 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; გიზო უბილავა იმ მოსამართლეებს შორისაა, რომლებმაც 2022 წლის ივლისში მხარდაჭერა გამოუცხადეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც აცხადებდა, რომ საელჩომ ამოშალა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით მიწვეულ მოსამართლეთა სიიდან. ასევე ნახეთ კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს მოუსმინა - ნახეთ, ვინ არიან ისინი დღეიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28-დან 27 მოსამართლე უვადოდაა განწესებული. ეკატერინე გასიტაშვილს 10-წლიანი ვადა ჯერ არ ამოსწურვია. მისი ადგილი ვაკანტური 2025 წ...