27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. რეზოლუციას 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთი წინააღმდეგი იყო. საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები. ასამბლეა იზიარებს და სრულად უჭერს მხარს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და მიიჩნევს, რომ ეს კანონიც და ისიც, თუ როგორ იქნა ის მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - და არც ბოროტი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციას ემსახურება. „ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, დააყაროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე არასათანადო პოლიტიკურ კონტროლი. ამიტომ კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე“. რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენებით, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიებით. ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები და დაშინების აქტები არ არის შესაბამისად გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ და რომ ამან შეიძლება შექმნას დაუსჯელობის გარემო. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ რეზოლუციით PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა ცნობა ძალის გადაჭარბების გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების შესახებ სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს შესაბამისი ორგანოების მიერ და დამნაშავეები დაისაჯონ. ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას ყველა მომიტინგე, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი, კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მიუხედავად, - წერია რეზოლუციაში. ამ კონტექსტში ასამბლეა იმეორებს 2438 (2022) რეზოლუციაში გამოხატულ შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფუნდამენტურად ხარვეზიანია და იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობისა და ზედმეტად მაღალი ჯარიმების ფართო...