ირანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანი და მკაცრი კურსის მიმდევარი საიიდ ჯალილი ლიდერობენ. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ფეზეშქიანმა 10.4 მილიონი ხმა მოიპოვა, ჯალილმა - თითქმის 9,5 მილიონი. მათმა კონკურენტმა - პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა დაახლოებით 3,4 მილიონი, ხოლო შიიტ სასულიერო პირს, მუსტაფა პურმოჰამადს 0,2 მილიონმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მეორე ტურში გავიდა ყველაზე მაღალი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, რადგან ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა მიცემული ხმების ნახევარზე მეტის მიღება. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ პირველ ტურში ფეზეშქიანი მცირე უპირატესობით გაიმარჯვებდა და დაინიშნებოდა მეორე ტური. როგორც ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს არის დაგეგმილი. ირანის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთხელ, 2005 წელს გაიმართა. ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება გაჩნდა 19 მაისის შემდეგ, როდესაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ხელისუფლების 7 წარმომადგენელი, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის კატასტროფას შეეწირნენ. ასევე ნახეთ პრეზიდენტის არჩევნები ირანში - კრემლის ფავორიტი, რადიკალი, ზომიერი, „რეფორმატორი“ ...