პეტერბურგის ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა შექმნეს მოგონილი Z-პოეტის, გენადი რაკიტინის გვერდი სოციალურ ქსელ VKontakte-ში, სადაც ავტორის ორიგინალური ლექსების საფარქვეშ გამოაქვეყნეს სინამდვილეში ნაცისტი გერმანელი ავტორების ლექსების საკუთარი თარგმანები. გვერდის შექმნიდან მალევე პოეტი რაკიტინი „მეგობრად“ დაიმატა ასობით დეპუტატმა და ათობით სენატორმა, ასევე ფიოდორ დოსტოევსკის შვილიშვილმა დმიტრი დოსტოევსკიმ. ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის არხზე ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა. რაკიტინის გვერდზე გამოქვეყნებულ "ნამუშევრებს" შორის არის ლექსი სათაურით "ლიდერი", რომელიც ვითომცდა ვლადიმირ პუტინს ეძღვნება, სინამდვილეში კი ეს არის ლექსის, „ფიურერის“ თარგმანი, რომელიც ჰიტლერს მიუძღვნა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრმა ებერჰარდ მიოლერმა. სულ პეტერბურგელებმა გამოაქვეყნეს არარსებული რაკიტინის 18 „ლექსი“. ყველა მათგანი 1930-იანი წლების გერმანული პროპაგანდისტული ლექსების ადაპტირებული თარგმანია, - აღნიშნა ანდრეი ზახაროვმა. „გენადი რაკიტინი“ ასობით დეპუტატმა და ათეულობით სენატორმა „დაიმატა მეგობრებში", მათ შორის დმიტრი როგოზინმა, ნინა ოსტანინამ, ანდრეი კლიშასმა, ელენა იამპოლსკაიამ, კრემლის მომხრე სამხედრო კორესპონდენტებმა - დმიტრი სტეშინმა და მარატ ხაირულინმა. ასევე ნახეთ რუსულ შოუბიზნესს „ტრადიციული ღირებულებების“ სავალდებულო სამსახურში იწვევენ ...