კამიკაძე მოიერიშეების მიერ ნიგერიაში კვირას ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალები. 48 - დაშავდა. უცნობმა ადამიანებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები წელზე შემოიკრეს და თავი აიფეთქეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს პროვინციაში ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ქორწილში, საავადმყოფოში და დაკრძალვის ცერემონიაზე. ნიგერიული პრესის შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება უფრო გაიზარდოს და 30-ს მიუახლოვდეს. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა თვითმკვლელი, სავარაუდოდ, ქალი იყო. რეგიონში მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარ სისხლიან აფეთქებებზე. პროვინციაში სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს და კომენდანტის საათია დაწესებული. ნიგერიის პროვინცია ბორნოში 15 წელზე მეტია გრძელდება არეულობები ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მიზეზით. ის რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს, ძირითადად სკოლებზე და იტაცებს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებსა და გოგოებს. „ბოკო ჰარამი“ თვლის, რომ ქალები არ უნდა იყვნენ განათლებულები. გარდა ამისა, ბორნოში აქტიურია დაჯგუფება „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“. ასევე ნახეთ ნიგერიაში 300-მდე ბავშვის გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს ...