რუსეთის მთავარმა სახელმწიფო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ დაბლოკა გამომცემლობა Freedom Letters-ის და მწერალ ბორის აკუნინის მიერ დაარსებული Babook-ის პროექტის ვებსაიტები. ორივე მათგანი ასევე ფუნქციონირებს, როგორც წიგნის მაღაზიები. მათ ასორტიმენტში შედის ის წიგნებიც, რომელთა გაყიდვაც რუსეთში არასასურველად ითვლება. როგორც ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) აღნიშნავს, ვებგვერდების ბლოკირების უშუალო მიზეზად იქცა ის, რომ გაყიდვაში ჰქონდათ მწერალ ვლადიმირ სოროკინის ბოლო რომანი „მემკვიდრეობა". რომანი გამოსცა Freedom Letters-მა, ხოლო Babook-მა ის გაავრცელა. აკუნინმა იმედი გამოთქვა, რომ ავტორები, რომლებიც თანამშრომლობენ Babook-თან, მათ შორის ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი, მუსიკოსები ანდრეი მაკარევიჩი და ბორის გრებენშჩიკოვი, მწერალი და კრიტიკოსი ანა ბერსენევა და სხვები, გააგრძელებენ პროექტში მონაწილეობას. მკითხველს მან ურჩია, ბლოკირებას VPN-ის გამოყენებით აარიდონ თავი. ბლოკირების კომენტირებისას, გამომცემლობა Freedom Letters-ის დამფუძნებელმა გიორგი ურუშაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა რომან "მემკვიდრეობის" გარეკანის სურათი სიტყვებით: "კრემლი კრძალავს, Freedom Letters-ი კი ნებას რთავს". ვლადიმირ სოროკინის რომან "მემკვიდრეობას", მასში არსებული ძალადობის აღწერილობისა და სავარაუდო "ლგბტ პროპაგანდის" გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში პირადი და ანონიმური საჩივრების ტალღა მოჰყვა. ამის შემდეგ „მემკვიდრეობა“ გაქრა ონლაინმაღაზიების, "ლაბირინთის", "Wildberries-ის", "წაიკითხეთ ქალაქისა" და სხვა ვებგვერდებიდან. ხოლო რომანის შესახებ წინასწარი გამოძიება დაიწყო. აპრილში გამომცემლობამ „ასტმა“, სხვა ავტორების ნაწარმოებებთან ერთად, რომან "მემკვიდრეობის" გაყიდვის აკრძალვა გადაწყვიტა. ასევე ნახეთ „ლგბტ პროპაგანდის“ გამო რუსეთში გაყიდვიდან წიგნები ამოიღეს ...