საფრანგეთში გაიმართა საპროტესტო აქციები მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ. 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, შეიკრიბა მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი. მათ შეუერთდნენ მემარცხენე პოლიტიკოსები. საპროტესტო აქციები გაიმართა ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ასევე ნახეთ ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს ხმა მისცა 34%-მა, მემარცხენეთა ალიანსს, „ახალ სახალხო ფრონტს“ - 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას - 20,3%-მა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული კრების (ასამბლეის) არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება 577 ოლქში. პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების სულ მცირე 50%-ია საჭირო. ვადამდელი არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდება პირველი ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. მეორე ტურში მონაწილეობენ ის კანდიდატებიც, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ხმების სულ მცირე 12,5%. მემარცხენეების ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მოხსნიან კანდიდატებს, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ და მიღებული ხმებით მეორე ტურში მონაწილეობა შეუძლიათ, რათა არ დაუშვან ხმების დაქსაქსვა და ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების მოსვლა. ასეთივე ტაქტიკა აქვს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციასაც. ასევე ნახეთ საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ჟორდან ბარდელა გამორიცხავს უკრაინაში ჯარებისა და რაკეტების გაგზავნას საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ. ასევე ნახეთ Pourquoi? ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საფრანგეთის არჩევნების შესახებ ...