უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა „პროვოკატორები“, რომლებიც კონსტიტუციის დღის შემდეგ კიევში არეულობებს ამზადებდნენ. უკრაინაში კონსტიტუციის დღე 28 ივნისს აღნიშნეს. უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 1 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოააშკარავეს „აქტივისტების ჯგუფი“, რომელიც 30 ივნისს კიევში პროვოკაციებს ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა თანადამფუძნებელი ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, რომელიც 2015 წლიდან ცნობილია ანტიუკრაინული აქციებით. ამ ორგანიზაციას და დაკავებულთა რიცხვს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი აპირებდა ე.წ. ვეჩეს(სახელმწიფო კრება) გამართვის გზით გამოეცხადებინა უკრაინის ხელისუფლებიდან დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამოშორება, რის შემდეგაც გეგმავდა უკრაინის პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდებას და მისი მუშაობის ბლოკირებას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, როდის დააკავა ეს პირები. მათ ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებისკენ მიმართული ქმედებები და მოწოდებები, რაც 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. ...