რუსეთის მედიასაშუალებები, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმა VKontakte-ს პროფილი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ეკუთვნის ამერიკელ რეპერს, კანიე უესტს, 30 ივნისს იუწყებოდნენ, რომ სკანდალური ნაბიჯებით ცნობილი მუსიკოსი რუსეთის დედაქალაქშია. სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებზე ჩანს კანიე უესტი, რომელიც მოსკოვში, სასტუმრო Four Seasons-სა და სხვა ადგილებში იმყოფება. მუსიკისა და მოდის სამყაროს 47 წლის ვარსკვლავის, კანიე უესტის სრული სახელია კანიე ომარ უესტი. ამჟამად მას იცნობენ სასცენო სახელით Ye. VKontakte-ს პროფილი და სხვა მედიაწყაროები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რეპერი მოსკოვში ჩავიდა თავისი ახლობლის, დიზაინერ გოშა რუბჩინსკის დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით (მას 40 წელი შეუსრულდა) და რომ ეს არის კერძო ვიზიტი და უესტი კონცერტის ჩატარებას არ გეგმავს. ჰიპ-ჰოპის გლობალური სცენის ვარსკვლავმა კანიე უესტმა სადებიუტო ალბომი 2004 წელს გამოუშვა. მას შემდეგ უესტის ნაბიჯებსა თუ განცხადებებს არაერთხელ მოჰყვა მითქმა-მოთქმა. უესტმა შეაქო ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი და თითქოს ჰოლოკოსტიც უარყო, რის შედეგადაც დასრულდა მისი თანამშრომლობა Adidas-თან და სხვა კომპანიებთან. წარსულში უესტს საქებარი სიტყვები აქვს ნათქვამი რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მისამართითაც. ასევე ნახეთ ტვიტერმა ანტისემიტიზმის ბრალდებით დაუბლოკა ანგარიში ცნობილ რეპერს, კანიე უესტს ...