საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, არ დაუშვან ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და მთავრობაზე კონტროლის დამყარება - მას მერე, რაც მაკრონის მხრიდან ვადამდელი არჩევნების რისკზე წასვლამ მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა. მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ" - იგივე „ეროვნულმა ფრონტმა“ - ძლიერი გამარჯვება მოიპოვა 30 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში. მაკრონის ცენტრისტულ პარტიას მესამე ადგილი ერგო, მემარცხენე კოალიციის შემდეგ. მთავარი საკითხი, რომელიც 7 ივლისს დანიშნული მეორე ტურის წინ დგას, არის ის, თუ რამდენად შეძლებს "ეროვნული გაერთიანება" აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში. თუ ამას შეძლებს, მას მთავრობის ფორმირების საშუალება მიეცემა და ლე პენის პროტეჟე, 28 წლის ჟორდან ბარდელა პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. საფრანგეთში მოქმედი სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციათა ანგარიშების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ლე პენის გაერთიანება ვერ შეძლებს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, თუმცა საბოლოო შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაკრონმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც გამოდის მეორე ტურისთვის "ფართო კოალიციის" შექმნის მოწოდებით, ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ. ასევე ნახეთ საფრანგეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას ...